star icon

ბლოგი

ტექდათვალიერების ვადის შემოწმება – გზამკვლევი ავტომფლობელებისთვის

საქართველოში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ყველა მძღოლისთვის სავალდებულოა და ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ჭკვიანი კამერები უკვე ავტომატურ რეჟიმში ავლენს იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც შემოწმების თარიღი გადაცილებული აქვთ. 

ვის და როდის უწევს ტექდათვალიერება?

ინსპექტირების პერიოდულობა ავტომობილის კატეგორიასა და ასაკზეა დამოკიდებული. M1 ჯგუფის მსუბუქი ტრანსპორტი, რომელიც მძღოლის გარდა მაქსიმუმ 8 მგზავრზეა გათვლილი, შემოწმებას გამოშვებიდან 4 წლის შემდეგ საჭიროებს. 4-დან 8 წლამდე ასაკის მანქანებისთვის პროცედურა ყოველ 2 წელიწადში ერთხელაა სავალდებულო, ხოლო 8 წელზე ძველი მოდელებისთვის ეს მოთხოვნა ყოველწლიურია.

სამგზავრო ავტოტრანსპორტს, სადაც 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილია (M2 და M3 კატეგორიები), უფრო მკაცრი რეგულაციები ეხება. მსგავსი ტრანსპორტი გამოშვებიდან ერთი წლის თავზე გადის პირველ ინსპექტირებას, შემდგომ კი პროცესი ყოველწლიურად მეორდება. 4 წლის შემდეგ ვადები კიდევ უფრო მცირდება და შემოწმება 6 თვეში ერთხელ ხდება აუცილებელი.

ტაქსის ლიცენზიის მქონე ავტომობილების მფლობელებისთვის ტექდათვალიერება 6 თვეში ერთხელ ტარდება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წლისაა ავტომობილი. ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში დადგენილი ვადა ავტომატურად არ იცვლება, ამიტომ აუცილებელია შემოწმების იმ გრაფიკით გავლა, რომელიც ნებართვის მოქმედებისას იყო განსაზღვრული.

არსებობს გამონაკლისები, როდესაც ტექინსპექტირება სავალდებულო არ არის. 4 წელზე ნაკლები ასაკის მსუბუქი ავტომობილები, მოტოციკლები, L კატეგორიის ტრანსპორტი (მათ შორის მოპედები, სკუტერები და კვადროციკლები), 3500 კგ-მდე მისაბმელები, 25 კმ/სთ-მდე მაქსიმალური სიჩქარის მქონე საშუალებები და 40 წელზე მეტი ასაკის ისტორიული მნიშვნელობის მოდელები აღნიშნული ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

როგორ უნდა შეამოწმო ტექდათვალიერების ვადა?

„გრინვეის“ მთავარ გვერდზე განთავსებულია საძიებო ველი „გადაამოწმე ინსპექტირების თარიღი“, სადაც სახელმწიფო ნომრის მითითებით მყისიერად ჩანს ინფორმაცია ტექინსპექტირების მოქმედების ვადის შესახებ.

ამავე პლატფორმაზე მოქმედებს SMS შეხსენების სერვისი, რომლის დახმარებითაც მომხმარებელი თავად ირჩევს შეტყობინების მიღების სასურველ დროს, იქნება ეს 14 და 1 დღით ადრე, თუ 30 და 3 დღით ადრე. 

ვინაიდან სისტემაში მონაცემები სატრანსპორტო საშუალების VIN კოდს უკავშირდება და არა სანომრე ნიშანს, ავტომობილის გადაფორმების ან ნომრის შეცვლისას ინსპექტირების პერიოდი უცვლელი რჩება. შესაბამისად, ახალი მფლობელისთვის ძალაში რჩება ის თარიღი, რომელიც მანქანაზე მანამდე იყო რეგისტრირებული.

იმ შემთხვევაში, თუ დადგენილი ვადა ახლოვდება ან უკვე გასულია, ვებ-გვერდიდან ტექინსპექტირების წინასწარ დაჯავშნა არის შესაძლებელი. მომსახურების მიღება მთელი ქვეყნის მასშტაბით „გრინვეის“ ოცდაათზე მეტ ფილიალშია ხელმისაწვდომი.

რა მოხდება ვადის გადაცილების შემთხვევაში?

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ტექინსპექტირების პერიოდის დარღვევისას პირველადი სანქცია ფიზიკური პირისთვის 50 ლარს შეადგენს, ხოლო იურიდიული პირისთვის 200 ლარით განისაზღვრება. თუ მესაკუთრე პირველი სანქციის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში მაინც არ გაივლის შემოწმებას, განმეორებითი ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 150 ლარს შეადგენს, იურიდიული პირისთვის  – 300 ლარს. 

დაკისრებული თანხის დასაფარად კანონით ერთი თვეა განსაზღვრული. ამ პერიოდში ვალდებულების შეუსრულებლობა 500 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. გადაუხდელობის შემთხვევაში კი ავტომობილის გადაადგილების უფლება ნახევარი წლით იზღუდება.

ამრიგად, ტექინსპექტირების ვადების მუდმივი კონტროლი ზედმეტი ხარჯების თავიდან არიდების ყველაზე ეფექტური გზაა. 

გამოიყენე ონლაინ პლატფორმა ინფორმაციის მისაღებად, ჩართე შეხსენების სერვისი და შეარჩიე შენთვის ხელსაყრელი დრო ტექდათვალიერების ცენტრში ვიზიტისთვის.

გაიგე მეტი arrow-right icon

ტექინსპექტირება ტაქსებისთვის: ვადები, რეგულაციები და საჭირო დოკუმენტაცია

საქართველოში ტაქსით მომსახურება მგზავრთა უსაფრთხოების დასაცავად მკაცრად კონტროლდება, რაც ავტომობილების რეგულარულ ტექდათვალიერებასაც ითვალისწინებს. ამიტომ, ბლოგში დეტალურად მიმოვიხილავთ შემოწმების ვადებს, საჭირო დოკუმენტაციასა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში უნდა გადაიდგას.

რა სიხშირით უნდა გაიაროს ტაქსიმ ტექინსპექტირება? 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, M1 კატეგორიის მსუბუქი ტრანსპორტი პირველ შემოწმებას გამოშვებიდან 4 წლის შემდეგ გადის. 4-დან 8 წლამდე ასაკის ავტომობილებისთვის პროცედურა ორ წელიწადში ერთხელ არის სავალდებულო, ხოლო 8 წელზე უფროსი მანქანები ინსპექტირებას ყოველწლიურად ექვემდებარება.

ტაქსების შემთხვევაში რეგულაცია გაცილებით მკაცრია. აღნიშნული კატეგორიის ტრანსპორტი, ისევე როგორც სასწრაფო დახმარების მანქანები, პირველ შემოწმებას გამოშვებიდან ერთი წლის თავზე გადიან. ამის შემდეგ კი, მანქანის ასაკის მიუხედავად, ტექდათვალიერება ყოველ ექვს თვეში ერთხელ ტარდება.

აღნიშნული მიდგომა საქმიანობის სპეციფიკით აიხსნება. ვინაიდან ტაქსის ავტომობილები ყოველდღიურად დიდ მანძილს გადიან, ხშირი გაჩერება და დაძვრა მათი დეტალების სწრაფ ცვეთას იწვევს.

რა დოკუმენტაცია სჭირდება ტაქსის მძღოლს ტექინსპექტირებისთვის?

ტექნიკური შემოწმების გასავლელად წარსადგენი საბუთების ნუსხა საკმაოდ მოკლეა. სავალდებულოა ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობის წარდგენა, თუმცა დედანის არქონის შემთხვევაში მისი ასლი ან ფოტოსურათიც მისაღებია. გარდა ამისა, რეკომენდებულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონა.

იმ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალება ბუნებრივ აირზე ან თხევად გაზზეა გადაყვანილი, შესაბამისი მოწმობის წარდგენა ყოველი შემოწმებისას აუცილებელი პირობაა. ეს წესი ვრცელდება მოგვიანებით დამონტაჟებულ აირბალონიან აღჭურვილობაზეც. 

ამასთან, სარეგისტრაციო მოწმობაში ასახული მონაცემები ავტომობილის რეალურ მდგომარეობას უნდა შეესაბამებოდეს. თუ მანქანა გაზს მოიხმარს, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია დოკუმენტურად არ დასტურდება, ამ შემთხვევაში ,,გრინვეის” ინსპექტორი ხარვეზს დააფიქსირებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილის ინსპექტირებაზე წარდგენა უშუალოდ მფლობელისგან არ მოითხოვება. პროცედურის გავლა ნებისმიერ პირს შეუძლია, ვისაც თან ექნება სარეგისტრაციო მოწმობა ან მისი ასლი. ამრიგად, დამატებითი მინდობილობის ან სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადება საჭირო არ არის.

რა ხდება მაშინ, თუ ავტომობილი ტექინსპექტირებას ვერ გაივლის?

ტაქსის მძღოლისთვის შემოწმების წარუმატებლად დასრულება პირდაპირ უკავშირდება საქმიანობისა და შემოსავლის დროებით შეჩერებას. ამიტომ, თუ ავტოტრანსპორტმა პირველადი დათვალიერება ვერ გაიარა, მფლობელს ხარვეზების აღმოსაფხვრელად 30 კალენდარული დღე ეძლევა. განმეორებითი ვიზიტისას მხოლოდ ის კონკრეტული კომპონენტები მოწმდება, რომლებიც დახარვეზდა და სრული პროცედურის თავიდან გავლის საჭიროება აღარ არსებობს.

იმ შემთხვევაში, თუ დადგენილ ვადაში პრობლემების მოგვარება ვერ მოხერხდა ან განმეორებითი ინსპექტირებაც უარყოფითი შედეგით დასრულდა, მძღოლს შეუძლია პირველადი ინსპექტირება ხელახლა დაგეგმოს. ამ გზით ხარვეზების გამოსასწორებლად ახალი 30-დღიანი პერიოდი აითვლება.

ტექინსპექტირებაგაუვლელი ავტომობილით გადაადგილება ფულად სანქციებს ითვალისწინებს, რაც ფიზიკური პირისთვის 50 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის 200 ლარს შეადგენს. გასათვალისწინებელია, რომ ქალაქში მოქმედი ვიდეოკონტროლის სისტემა ვადაგადაცილებულ ტრანსპორტს ავტომატურად აფიქსირებს, ამიტომ ჯარიმის თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია. 

რომელ კომპონენტებს უნდა მიაქციოს ტაქსის მძღოლმა ყურადღება ტექინსპექტირებამდე?

ტაქსის მძღოლები, რომლებსაც ტექინსპექტირების გავლა ექვს თვეში ერთხელ უწევთ, ავტომობილის ძირითადი კომპონენტების გამართულობას მუდმივად ყურადღებას აქცევენ. პროცედურის ფარგლებში რამდენიმე მიმართულება მოწმდება, რომელთა მდგომარეობაც ინსპექტირების საბოლოო შედეგს განაპირობებს.

  • სამუხრუჭო სისტემა: ეს კომპონენტი დახარვეზების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. პროცედურისას ფასდება მექანიზმის გამართულობა, დისკების მდგომარეობა, სითხის დონე და სადგომი მუხრუჭის მდგომარეობა. ვინაიდან ტაქსი ქალაქში  ინტენსიური დამუხრუჭებით გადაადგილდება, აღნიშნული ნაწილი მუდმივ დაკვირვებას საჭიროებს;
  • საბურავები: ყურადღება ექცევა ღარების სიღრმეს, გამოშვების წელს, ზომასა და სიმტკიცეს. გაცვეთილი საბურავი ზრდის მოცურების რისკს, ხოლო ძველი რეზინი გასკდომის საფრთხეს შეიცავს. აუცილებელია, რომ თითოეულ ღერძზე იდენტური ზომისა და ტიპის საბურავები იყოს დამონტაჟებული;
  • საჭით მართვის მექანიზმი: ფასდება რეაგირების სისწრაფე და თავისუფალი სვლის მოცულობა. თუ საჭე დაგვიანებით რეაგირებს ან ზედმეტად დიდი თავისუფალი სვლა აქვს, მკვეთრი მანევრირებისას მძღოლი ტრანსპორტის კონტროლს სათანადოდ ვერ შეძლებს;
  • განათება და ხილვადობა: კონტროლდება ფარები, მოხვევის მაჩვენებლები, სამუხრუჭო შუქები და უკუსვლის განათება. ასევე ფასდება საქარე მინის მდგომარეობა, რადგან ნებისმიერი ბზარი ან დეფორმაცია ზღუდავს ხილვადობას და უარყოფითი დასკვნის საფუძველი ხდება;
  • გამონაბოლქვის სისტემის შემოწმება: 2025 წლის იანვრიდან გამკაცრდა ნორმატივები იმ ბენზინზე მომუშავე ტრანსპორტისთვის, რომელმაც პირველადი რეგისტრაცია 2020 წლის აპრილამდე გაიარა. ძველი საწვავის სისტემის მქონე ავტომობილმა შესაძლოა ახალი სტანდარტები ვეღარ დააკმაყოფილოს;
  • კორპუსი და დაკიდების სისტემა: შემოწმებისას ავტომობილის ქვედა ნაწილიც კონტროლდება. დაზიანებული ელემენტების ან სითხის ჟონვის აღმოჩენა ხშირად ხდება უარყოფითი პასუხის მიღების მიზეზი.

რატომ არის ინსპექტირება სავალდებულო ტაქსის ლიცენზიის შესანარჩუნებლად? 

თბილისში ტაქსით მომსახურების სანებართვო სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდა. A კატეგორიის ნებართვის მფლობელებს კონკრეტული პირობების დაცვა მართებთ, რაც თეთრი ფერის, მარცხენასაჭიან ავტომობილს, სპეციალურ სტიკერებსა და მანათობელ ნიშანს გულისხმობს.

აღნიშნული კრიტერიუმების პარალელურად, მოქმედი ტექინსპექტირების სტატუსი ლიცენზირებული ტრანსპორტისთვის სავალდებულო მოთხოვნაა. ინსპექტირების ვადის დარღვევისას მძღოლი ფულადი სანქციის მიღებასთან ერთად ნებართვის წესებსაც არღვევს, რაც შესაბამისი ზომების გატარებას იწვევს.

მსგავსი რეგულაციები რეგიონებშიც აქტუალური ხდება. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ტაქსის სანებართვო სისტემის დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.

გაიარე ტექინსპექტირება „გრინვეიში“ მთელი საქართველოს მასშტაბით

ტაქსის მძღოლებისთვის, რომლებიც ამ პროცედურას წელიწადში ორჯერ გადიან, მომსახურების სისწრაფე და ხელმისაწვდომობა პრიორიტეტია. ამიტომ, „გრინვეის“ სერვისცენტრები ქვეყნის მასშტაბით 30-ზე მეტ ლოკაციაზე ფუნქციონირებს. ვიზიტის წინასწარ დასაგეგმად ვებგვერდი greenway.ge/booking მუდმივად ხელმისაწვდომია, თუმცა მომსახურების მიღება დაჯავშნის გარეშეც, ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.

უშუალოდ ინსპექტირების პროცესი დაახლოებით 15 ან 20 წუთს მოითხოვს. მძღოლების ინფორმირებულობისთვის ასევე მოქმედებს SMS შეხსენების სერვისი, რომელიც ვადის მოახლოების შესახებ წინასწარ აგზავნის შეტყობინებას. 

აღსანიშნავია, რომ დახარვეზების შემთხვევაში, განმეორებითი ვიზიტისთვის შეგიძლია „გრინვეის“ ნებისმიერი ფილიალი შეარჩიო, რადგან თავდაპირველ სერვისცენტრში დაბრუნების ვალდებულება არ არსებობს.

თუ ტექინსპექტირების თარიღი გიახლოვდება, ვიზიტის დაგეგმვა „გრინვეის“ ვებგვერდიდან დღესვე შეგიძლია.

გაიგე მეტი arrow-right icon

რატომ მოწმდება ტექინსპექტირებისას გამონაბოლქვი?

2016 წლის მონაცემებით, საქართველოში ჰაერის დაბინძურების 71% ავტოტრანსპორტის ემისიების შედეგია. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა მას შემდეგ თითქმის გაორმაგდა, ეს მაჩვენებელი დღეისთვის სავარაუდოდ უფრო მაღალია. ამ რეალობის გათვალისწინებით, პერიოდული ტექინსპექტირების  ფარგლებში გამონაბოლქვი და ტრანსპორტის ზოგადი გამართულობა მოწმდება, რათა ზუსტად განისაზღვროს ჰაერში გაფრქვეული ტოქსიკური ნივთიერებების მოცულობა.

რა გამოიყოფა გამონაბოლქვიდან და რატომ არის ეს საშიში?

ტექინსპექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნახშირჟანგს (CO). ეს არის უფერო და უსუნო აირი, რომელიც საწვავის არასრული წვის შედეგად ჩნდება და მაღალი კონცენტრაციისას სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. პარალელურად წარმოიქმნება დაუწველი ნახშირწყალბადები (HC), რომლებიც მზის სხივებთან რეაქციაში შედის, მიწისპირა ოზონს წარმოქმნის და ტოქსიკურ ნისლს. წვის პროცესისა და მაღალი ტემპერატურის გამო აზოტის ოქსიდებიც გამოიყოფა, რაც მჟავა წვიმებისა და სმოგის გავრცელებას განაპირობებს. 

ჩამოთვლილი ნივთიერებები უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები საერთაშორისო ნორმებს მკვეთრად აჭარბებს, რის გამოც დედაქალაქში რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ვითარება ფიქსირდება. იმავე დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ PM2.5 მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის თუნდაც 1მკგ/მ³-ით მატება რესპირატორული პრობლემებით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების 2.2%-იან ზრდას იწვევს.

თბილისის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების დაკვირვებით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი პიკის საათებში, ავტომობილების ინტენსიური მოძრაობისას იმატებს, უქმე დღეებში კი საგრძნობლად იკლებს. ეს კი იმას მოწმობს, რომ ჰაერის ხარისხის გაუარესებას სწორედ ავტოსატრანსპორტო საშუალებები იწვევს.

როგორ მოწმდება გამონაბოლქვი და რა ნორმები მოქმედებს?

ბენზინის ძრავის შემთხვევაში გამონაბოლქვს სპეციალური გაზანალიზატორით აფასებენ. მოწყობილობა ნახშირჟანგის (CO) შემცველობას ორ რეჟიმში, კერძოდ, უქმ სვლასა და მაღალ ბრუნზე (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ) ამოწმებს. ამასთანავე, მოწმდება ლამბდა (λ) კოეფიციენტიც, რომელიც ჰაერისა და საწვავის ნარევის ბალანსს განსაზღვრავს.

დიზელის ძრავების შემოწმებისას განსხვავებული მიდგომა გამოიყენება. ამ დროს ოპაციმეტრით ადგენენ გამონაბოლქვის სიმჭიდროვეს, რაც სინათლის შთანთქმის პრინციპს ეფუძნება, ანუ რაც უფრო მუქია კვამლი, მით მაღალია დაბინძურების მაჩვენებელი. 

მოქმედი რეგულაციების თანახმად, 2020 წლის 1 აპრილამდე რეგისტრირებული ბენზინის ძრავიანი ავტომობილებისთვის ნახშირჟანგის ზღვარი ორივე რეჟიმში 0.6%-ს შეადგენს. 2020 წლის აპრილის შემდეგ რეგისტრირებული ტრანსპორტისთვის მოთხოვნები უფრო მკაცრია, რაც დაბალ ბრუნზე 0.5%-ს, ხოლო მაღალზე 0.3%-ს გულისხმობს. აირზე (CNG/LPG/LNG) მომუშავე ავტომობილებისთვისაც მსგავსი სტანდარტები მოქმედებს. დიზელის ძრავებისთვის ჩვეულებრივი აგრეგატის სიმჭიდროვის ნორმა 2.5 m⁻¹-ით განისაზღვრება, ტურბოჩაბერვიანისთვის კი ეს ციფრი 3.0 m⁻¹-ს უდრის.

დაჯავშნე სერვის ცენტრში ვიზიტი ონლაინ და გაიარე ტექინსპექტირება რიგების გარეშე

რატომ ვერ გადის ავტომობილი შემოწმებას და რას ნიშნავს კვამლის ფერი?

ბენზინის ძრავების შემთხვევაში ნახშირჟანგის (CO) მაღალი მაჩვენებელი ხშირად კატალიზატორის არარსებობას ან მის გაუმართაობას უკავშირდება. როდესაც აღნიშნული დეტალი ამოღებული ან დაზიანებულია, მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია დადგენილ ნორმას საგრძნობლად აჭარბებს ხოლმე. 

ხშირია ჰაერის ფილტრის დაბინძურების შემთხვევებიც, რადგან წვისთვის საჭირო ჰაერის ნაკლებობა ემისიების მატებას განაპირობებს. პრობლემების ჩამონათვალს ემატება ავტომობილის ანთების სისტემის ხარვეზები, მათ შორის გაცვეთილი სანთლები ან დაზიანებული კაბელები. დიზელის ძრავების შეფერხებას კი ძირითადად ინჟექტორების, ტურბოკომპრესორისა და მყარი ნაწილაკების ფილტრის (DPF) გაუმართაობა იწვევს.

მავნე ნივთიერებების შემცველობას საწვავის ხარისხიც განსაზღვრავს. ექსპერტების შეფასებით, საქართველოში ამ მიმართულებით კონტროლი არასაკმარისია. ასევე, აღნიშნავენ, რომ მძღოლთა ნაწილი ტექინსპექტირების წინ საწვავს სხვადასხვა დანამატით აზავებს, თუმცა ეს მხოლოდ დროებით ეფექტს იძლევა, რადგან სტანდარტული საწვავის გამოყენებისას ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი კვლავ იმატებს და საფრთხის შემცველია.

გამონაბოლქვის ფერი ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობასაც ავლენს: 

  • შავი კვამლი საწვავის არასრული წვის შედეგია, რაც ხშირად ჰაერის ფილტრის ან ინპექტორების დაზიანებას უკავშირდება;
  • ლურჯი ან მოცისფრო ელფერი ძრავის ზეთის წვაზე მიუთითებს, რაც დგუშის რგოლების ან სარქველების ცვეთით აიხსნება;
  • ნაცრისფერი გამონაბოლქვი შესაძლოა ავტომატური გადაცემათა კოლოფის სითხის წვაზე მიანიშნებდეს.

სამივე შემთხვევაში ავტომობილი ტექდათვალიერებისას დახარვეზდება და შემოწმებას წარმატებით ვერ გაივლის.

წაიკითხეთ ბლოგი და გაიგეთ, რატომ ამცირებს ტექინსპექტირება ავტოავარიების რიცხვს

გაიარე ტექინსპექტირება დროულად „გრინვეიში“

საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესშია, რის გამოც 2023 წლის სექტემბრიდან დიდ ქალაქებში, კერძოდ თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში, ხილული გამონაბოლქვის მკაცრი ზედამხედველობა უკვე მიმდინარეობს. ვინაიდან სამომავლოდ რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება იგეგმება, უმჯობესია ინსპექტირების თარიღი „გრინვეის“ ვებგვერდის დახმარებით გადაამოწმო და ვიზიტი წინასწარ დაგეგმო.   

„გრინვეის“ პარტნიორი კომპანია Applus+-ია, რომელიც ტექინსპექტირების სფეროში მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. შესაბამისად, გამონაბოლქვის შემოწმების ჩათვლით, „გრინვეის“ ფილიალებში დანერგილი ტექდათვალიერების მოდელი ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება.


ტექდათვალიერების ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით 32 ლოკაციაზე მდებარეობს, მათ შორის თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, ბორჯომში, ახალციხეში, ყვარელში, დუშეთში, ქარელში, კასპში, დედოფლისწყაროსა და სხვა ქალაქებში.

გაიგე მეტი arrow-right icon

ტექინსპექტირება იმერეთში – სად, როგორ და რა უნდა იცოდე?

რამდენიმე წლის წინ იმერეთში მცხოვრები მძღოლებისთვის ტექინსპექტირება ხანგრძლივ მგზავრობასთან და დაღლასთან ასოცირდებოდა, თუმცა ამჟამად „გრინვეის“ ქსელი რეგიონში ორ სერვისცენტრს აერთიანებს.

სად მდებარეობს „გრინვეის“ ცენტრები იმერეთში?

როგორც აღინიშნა, „გრინვეის“ იმერეთის ქსელი ორი სერვისცენტრით არის წარმოდგენილი. ორივე სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს და რეგიონის სხვადასხვა ნაწილიდან მოსახერხებლად მისადგომია. 

სამტრედიის სერვისცენტრი

სამტრედიის ფილიალი დავით აღმაშენებლის ქუჩის 71 ნომერში, უშუალოდ ავტომაგისტრალის სიახლოვესაა. ეს მდებარეობა მოსახერხებელია მათთვის, ვინც ქუთაისის, ზესტაფონის ან ბათუმის მიმართულებით მოძრაობს. ცენტრი მომხმარებლებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე იღებს, შაბათს კი 10:00 საათიდან 15:00 საათამდე მუშაობს. 

ფილიალი ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებას ემსახურება, ესენია:  M1, M2, M3, N1, N2, N3 ტიპის ავტომობილები და O3, O4 კატეგორიის მისაბმელები. 

საჩხერის სერვისცენტრი

საჩხერის სერვისცენტრი ივანე გომართელის ქუჩის 90 ნომერშია განთავსებული. მისი სამუშაო გრაფიკი სამტრედიის ფილიალის მსგავსია: ორშაბათიდან პარასკევამდე 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე.

საჩხერეში ტექინსპექტირება  უტარდება M1, M2 და N1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს, მათ შორის მსუბუქ ავტომობილებს, მრავალადგილიან სამგზავრო ტრანსპორტს 5000 კმ-მდე და 3500 კგ-მდე წონის სატვირთოებს. 

გადახდის რა მეთოდები მოქმედებს სერვისცენტრებში?

იმერეთის ორივე ფილიალში ანგარიშსწორება რამდენიმე გზით, როგორც ადგილზე, ისე წინასწარ არის შესაძლებელი.

მომსახურების საფასურის გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით შეგიძლია. აქ ნებისმიერი ტიპის საბანკო ბარათი მიიღება, მათ შორის American Express. ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისთვის კი ფილიალებში სწრაფი გადახდის აპარატები დაგხვდება.

ტექინსპექტირების წინასწარ დაჯავშნისას ონლაინ ანგარიშსწორება მოქმედებს. თანხის გადარიცხვა Apple Pay-ს, Google Pay-ს ან მობილბანკის გამოყენებით სრულდება. ამ მეთოდის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ გადახდა ავტომატურად აისახება და ფიზიკური ქვითრის შენახვა აღარ გიწევს. 

რა დოკუმენტაცია და მომზადება გჭირდება?

ტექინსპექტირების გასავლელად ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობაა საჭირო. მომსახურების მისაღებად დოკუმენტის ორიგინალთან ერთად მისი ასლი ან სმარტფონში შენახული ფოტოსურათიც საკმარისია. პირადობის მოწმობის წარდგენა სასურველია, თუმცა ამ საბუთის გარეშეც შეუფერხებლად შეძლებ შემოწმების გავლას.

იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება აირზე, მათ შორის CNG, LPG ან LNG სისტემაზე მუშაობს, დამატებით გაზის აპარატურის გამართულობის დამადასტურებელი მოწმობაც თან უნდა იქონიო და ასევე სარეგისტრაციო მოწმობაში უნდა იყოს ჩანაწერი “ბენზინი-აირი”

სერვისცენტრში ავტომობილის მოყვანა ნებისმიერ პირს შეუძლია. პროცედურის დასაწყებად სავალდებულო არ არის მესაკუთრის პირადი დასწრება, რადგან მთავარია, წარმომადგენელს ტექპასპორტი ან მისი ფოტოასლი და ავტომობილის გასაღები ჰქონდეს.

რა მოწმდება ინსპექტირებისას იმერეთის სერვისცენტრებში?

ავტომობილის ტექნიკური გამართულობის დასადგენად რამდენიმე ძირითადი სისტემა მოწმდება:

  • იდენტიფიკაცია: ხდება VIN კოდის, სახელმწიფო ნომრისა და სარეგისტრაციო მოწმობის მონაცემების შედარება. მოწმდება საწვავის ტიპი, კონსტრუქციული ცვლილებები, კატალიზური კონვერტორის არსებობა, სიჩქარის შემზღუდველი და ტაქოგრაფი.
  • სამუხრუჭო სისტემა: ფასდება მექანიზმის მდგრადობა, დისკების მდგომარეობა, სითხის დონე და სადგომი მუხრუჭის გამართულობა;
  • საჭით მართვა: მოწმდება საჭის თავისუფალი სვლა და რეაგირების ხარისხი, საჭის მართვის სისტემა;
  • განათება და ხილვადობა: ფასდება ფარების, მაჩვენებლებისა და სამუხრუჭო შუქების გამართულობა, ასევე საქარე მინის, სარკეებისა და საწმენდების მდგომარეობა;
  • საბურავები: კონტროლდება ღარების სიღრმე, გამოშვების წელი, მდგომარეობა, ზომა და საერთო ცვეთა;
  • შასი და უსაფრთხოება: მოწმდება ღერძები, დაკიდების სისტემა, გამონაბოლქვი, უსაფრთხოების ღვედები და აირბაგების ინდიკატორები.

რა ვადებით ტარდება ინსპექტირება და რა ხდება დახარვეზებისას?

მოქმედი წესების მიხედვით, შემოწმების პერიოდულობა ტრანსპორტის ტიპსა და ასაკზეა დამოკიდებული:

  • (Მსუბუქი M1 ) ახალი ავტომობილები: გამოშვებიდან 4 წლის განმავლობაში შემოწმება სავალდებულო არ არის;
  • 4-დან 8 წლამდე: ინსპექტირება ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
  • 8 წელზე მეტი ასაკის: პროცედურა ყოველწლიურია;
  • ტაქსები: შემოწმება ექვს თვეში ერთხელ სრულდება, ავტომობილის ასაკის მიუხედავად;
  • განბაჟებული ტრანსპორტი: ვადა 30 კალენდარული დღეა.

რა უნდა მოიმოქმედო, თუ იმერეთის ან სხვა სერვისცენტრში ავტომობილი დაგიხარვეზდა?

ინსპექტირების წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში ხარვეზების აღმოსაფხვრელად განსხვავებული პირობები და ვადები მოქმედებს. თუ ავტომობილმა შემოწმება პირველად ვერ გაიარა, ხარვეზების გამოსასწორებლად და ხელახალი შემოწმებისთვის 30 კალენდარული დღე გეძლევა. 

განსხვავებული წესია იმ შემთხვევისთვის, როდესაც განმეორებითი ვიზიტიც უარყოფითი შედეგით სრულდება. ასეთ დროს ხარვეზების გამოსასწორებლად მხოლოდ 10 კალენდარული დღეა გამოყოფილი. განსაკუთრებით საყურადღებოა სახიფათო ხარვეზის დაფიქსირება, რადგან ამ დროს ავტომობილით გადაადგილება დაუყოვნებლივ იკრძალება.

დაგეგმე ვიზიტი „გრინვეის“ იმერეთის ცენტრებში

„გრინვეის“ ყველა სერვისცენტრში, მათ შორის იმერეთში, მომსახურების მოდელი, ეფუძნება ევროპულ სტანდარტებს, ფილიალები კი ფრანგული წარმოების MULLER AUTOMOTIVE-ის დანადგარებითაა აღჭურვილი.

ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა greenway.ge/booking-ზე ნებისმიერ დროს არის ხელმისაწვდომი, თუმცა მომსახურების მიღება წინასწარი ჩაწერის გარეშეც, ნებისმიერ ფილიალში შეგიძლია.

თუ ტექინსპექტირების თარიღი გიახლოვდება, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიე greenway.ge-ს ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 032 2 99 77 77.

გაიგე მეტი arrow-right icon